საქართველოში არსებული ხეხილის და ენდემური ვაზის ჯიშების ეროვნული საცავის შექმნის მიზნით, სოფელ ჯიღაურაში, ევროკავშირისა და FAO–ს ხელშეწყობით, ორი უმაღლესი სტანდარტის ეკრანული სათბური აშენდა. ნაგებობები, რომლებშიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი განთავსდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტი (INRAE) ცენტრს, ქართული ვაზის სახეობების მონაცემთა ბაზის დახვეწაში დაეხმარება.
ინსტიტუტის კუთვნილ ვასალ-მონპელიეს ვაზის ბიოლოგიური რესურსების ცენტრში 2600-მდე კულტივირებული და 400-მდე ველური ვაზის ჯიშის ნიმუშებია შენახული, მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.
შეგახსენებთ, 2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის ჯიღაურას ბაზა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარია. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.