საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე ლოკოკინების პირველი პარტია International Institution of Heliciculture in Tbilisi-მა გაიტანა.
როგორც „კომერსანტს“ კომპანია International Institution of Heliciculture in Tbilisi-ს გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელმა ლაშა რობაქიძემ უთხრა, 3 ტონამდე ცოცხალი ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე იტალიაში უკვე გაიგზავნა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„იტალიური კომპანია Lumacheria Italiana-ს მიერ საქართველოში გახსნილი ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი ეხმარება ფერმერებს ლოკოკინების ფერმის მოწყობაში „კერასკოს“ მეთოდით, რომელიც ლოკოკინის გამრავლება-წარმოებას მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებთან დაახლოებულ გარემოში გულისხმობს. სწორედ ამ მეთოდით მოშენებული 3 ტონა ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში უკვე გავაგზავნეთ, 2022 წლის ბოლომდე კი კიდევ 150 ტონამდე ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იგეგმება, თუმცა მოთხოვნა უფრო მეტია და სამომავლოდ რაოდენობის გაზრდასაც ვგეგმავთ, მითუმეტეს რომ სულ უფრო მეტი ფერმერი გვიერთდება. ჩვენგან ექსპორტი მხოლოდ იტალიაში ხორციელდება, რადგან კომპანია Lumacheria Italiana-სთან ვთანამშრომლობთ“, - ამბობს ლაშა რობაქიძე.
მისი თქმით, ეს საქართველოდან ევროკავშირში ცოცხალი ლოკოკინების ექსორტის პირველი შემთხვევაა, რადგამ აქამდე შესაბამისი რეგულაცია არ არსებობდა.
„ექსპორტზე საქართველოდან ევროკავშირში ცოცხალი ლოკოკინა როგორც ადმიანური მოხმარების პროდუქტი აქამდე არ გასულა და ვერც გავიდოდა, რადგან ევროკავშირიდან თანხმობა იანვრამდე არ არსებობდა. ეს არის პირველი პრეცედენტი და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მალე ლოკოკინების მსხვილი ექსპორტიორი გახდება, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით „კერასკოს“ მეთოდით მოყვანილ ლოკოკინებზე, რაც პრემიუმ ხარისხს გულისხმობს. საქართველოში მათი გადასახდელი ფასი 1 კგ-ზე 5 ევროა, ევროპულ ბაზარზე კი მისი ფასი 15-20 ევრომდე მერყეობს. იტალიაში ის 200-მდე სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაში გამოიყენება, როგორც სარესტორნო, ასევე კოსმეტიკური, ფარმაცევტული და სხვა მიმართულებით“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. ევროკავშირმა შესაბამისი რეგულაცია 2021 წლის 22 დეკემბრს მიიღო.
ნინო თამაზაშვილი