2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 84,338.94 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 11 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 15,719.17 ათასი დოლარი ელექტროენერგია, შესაბამისად ზრდა 436.5%-ია. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობის ზრდის პარალელურად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა ელექტროენერგიის ღირებულებაც.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 94%-ი თურქეთზე მოდის. აღნიშნულის შესახებ საქსტატის საიტზე არ წერია, თუმცა როგორც ენერგეტიკულ წრეებში ამბობენ,ირკვევა, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით თურქეთის მიმართულებით ექსპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება 3-ჯერაა გაძვირებული.
საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა სომხეთი. 2022 წლის 11 თვეში საქართველოდან თურქეთში 79,553.10 ათასი დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთში კი 4,215.12 ათასი დოლარიდ. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში 569.76 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გავიდა, ხოლო რუსეთში ათასი დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი ფასების მიხედვით შემცირებულია. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 40,922.64 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 41,482.16 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 1,3%-ია.
რაც შეეხება თუ სად იყიდა საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული ელექტროენერგიის 51%-ი საქართველომ რუსეთიდან შემოიტანა.
2022 წლის 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან 21,007.29 ათასი დოლარის ელექტროენერგია იყიდა, სომხეთიდან 10,236.02 ათასი დოლარის, ხოლო აზერბაიჯანიდან 9,679.33 ათასი დოლარის.