საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა.
საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯერჯერობით უცნობია ამ ორი განაჩენიდან რომლის აღსრულება მოუწევს საქართველოს, რადგანაც არსებული განმარტებით ორივე დავის კომპენსაცია არ იკრიბება.
Inter Rao-სთან დავის საგანს სატარიფო გაუგებრობა წარმოადგენდა. ინვესტორის არგუმენტი იყო ის, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმების და საინვესტიციო მემორანდუმის პირობები დაარღვია, რითიც მას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა.