საქართველომ თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის სამუშაო გეგმის მომზადება დაიწყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ვადები და ბიუჯეტი ჯერ უცნობია.
„საქართველოს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი AGRI, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ისე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდეგ გაზიფიცირება რუმინეთში. ეს პროექტი სამწუხაროდ შეჩერდა და შემდგომ აღარ განვითარდა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ევროპა დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, ყველა საუბრობს ენერგო მომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალობა წელს შეიძინა.
პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროს ეს საკითხი განხილვის საგანი იყო. შემდეგ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. დღესაც მიმდინარეობს ამ პროცესის სამუშაო შეხვედრა ჩვენს სამინისტროში.
საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია გაზისა და ნავთობის კორპორაცია, აზერბაიჯანის მხრიან იქნება კომპანია „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები რუმინეთში და უნგრეთიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მოხდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული შეფასება და ეტაპობრივად მოვახდინოთ განვითარება. ეს არ იქნება ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში. პირველ რიგში საჭიროა სრული სურათი გვქონდეს. შემდეგ ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა, რა დავალებაც აქვთ სამუშაო ჯგუფებს, და ეტაპობრივად დავიწყოთ ამ გეგმის შესრულება, მათ შორის დავიწყოთ ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი AGRI 2010 წელს აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ალიევმა, სააკაშვილმა და ბასესკუმ, „ბაქოს დეკლარაციის“ ხელმოწერით, სათავე დაუდეს - რუსეთის გვერდის ავლით, ბუნებრივი აირის ახალ ალტერნატიულ მარშუტს ევროპისკენ.