საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდოს.
„წლის დასაწყისში ძალიან მყარ აღდგენას ვპროგნოზირებდით, მითუმეტეს 2021 წლის შემდეგ, რომელიც ასევე ძალიან გამორჩეული იყო კოვიდის შემდეგ აღდგენის შედეგების თვალსაზრისით.
უკრაინაში ომის დაწყებამ ჩვენს წინ დააყენა ახალი რისკები, რომელთა გამოც გადავხედეთ ზრდის პროგნოზს და ახლა 5.5%-ის ნაცვლად 3.2%-მდე შევამცირეთ.
თუმცა ვფიქრობ, რომ იმ აღდგენის დინამიკიდან გამომდინარე, რაც ახლა ჩანს, შეიძლება აღდგენის ტემპმა გვიბიძგოს, რომ საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდისკენ გადავხედოთ“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმაც გააუმჯობესა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5-5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით“.