როგორი იყო ავიაციისთვის 2022 წელი. სექტორის მდგომარეობა „კომერსანტთან“ ავიაციის საკითხების ექსპერტმა იგორ აფციაურმა შეაფასა, მისი თქმით, მიუხედავად კოვიდშეზღუდვების მოხსნისა, 2022 წელის ავიაციისთვის საკმაოდ რთული იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდშეზღუდვები ჩვენთანაც და ჩვენს სამიზნე ბაზრებზეც თითქმის მოხსნილი იყო და 2022 წელი გაცილებით კარგი იყო ვიდრე 2021 წელი, ავიაციას საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა, როგორიცაა, მაგალითად, საავიაციო საწვავის რეკორდული ფასი, ინფლაცია, რესურსების ნაკლებობა როგორც საჰაერო ხომალდების, ასევე ადამიანური რესურსის კუთხით.
თუმცა 2022 წელს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და დღესაცაა - ომი უკრაინაში. ამან კიდევ უფრო შეანელა ავიაცია და მათ შორის საქართველოშიც, რადგანაც საქართველოს ავიაბაზარი დიდად იყო დამოკიდებული უკრაინაზე. დაახლოებით 15% დავკარგეთ ომის გამო. დავკარგეთ დროებით და იმედი გვაქვს, რომ მალე ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და უკრაინასა და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა კიდევ უფრო გაიზრდება.
ამ ყველაფრის ფონზე, ის მაჩვენებელი, რაც ჩვენს გვაქვს, არის ძალიან პოზიტიური. წლის ბოლოს ჩვენ ალბათ დავასრულებთ 85%-იანი აღდგენით. ბოლო წლებში საქართველოს ავიაბაზარს ბევრი ავიაკომპანია დაემატა და ბევრი მიმართულება განვითარდა.
რაც შეეხება ტურიზმს ჯერ ვერ მივუახლოვდით კოვიდამდე პერიოდს, თუმცა შემოსავალმა უკვე გადააჭარბა კოვიდამდე არსებულ შემოსავლებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვინც შემოვიდა, უფრო მეტი დახარჯა. ეს სწორია, ამ კუთხით უნდა განვვითარდეთ, რადგანაც ჩვენ მასიური ტურიზმის ქვეყანა ვერასოდეს ვერ გავხდებით. იმაზე არ უნდა ვზრუნავდეთ, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, არამედ უნდა ვიზრუნოთ იმ ტიპის ბაზრებზე, რომლებიც რეგულარულად ჩამოვლენ და მეტს დახარჯავენ.
ჩემი აზრით, ამ წლის პოზიტიურ სტატისტიკას არ უნდა დავეყრდნოთ და საბაზისოდ არ უნდა გავიხადოთ, რადგანაც თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, საიდან ყველაზე მეტი მატება და ზრდაა, ვნახავთ, რომ ეს ძირითადად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან შემოსული ე.წ. ტურისტების ხარჯზე ხდება. იმედი მაქვს, რომ 2023 წლიდან არსებული გამოწვევები დასტაბილურება და შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ ვითარდება ეს სფერო“, - განმარტავს იგორ აფციაური.
ექსპერტის აზრით ქვეყანამ პირდაპირი ავიარეისებს ამოქმედებისას, ისევე როგორც ტურისტების მოზიდვისას, აქცენტი შორეულ ქვეყნებზე, ევროპაზე და ამერიკაზე უნდა გააკეთოს.