მიმდინარე კვირაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ანგარიშების დაბლოკვის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს.
მისი თქმით, ანგარიშებოს დახურვის რაიმე საერთო მიზეზები არ არსებობს, მათ შორის არც ვადები, რადგან გაუქმებულ ანგარიშებს შორის ზოგი 3 თვის წინ, ზოგი კი 7 წლის წინ იყო გახსნილი.
ბლოგერის განმარტრებით, სუბიექტებს შორის ვისაც ანგარიშები გააუქმეს არიან ისეთები, რომელთაც აღნიშნული ანგარიში საზღვარგარეთ გადარიცხვისთვის არ გამოუყენებიათ და არიან ისეთებიც, რომელთაც გადარიცხვები საქართველოს შიგნითაც არ განუხორციელებიათ.
„უმეტესობა არ იყენებდა Swift-ს ან კრიპტო-ს, ხოლო ბარათები საჭირო იყო შიდა მიზნებისთვის“, — აცხადებს ბლოგერი. მისი თქმით, „სოლოს“ კლიენტებს ანგარიშების დახურვის შესახებ SMS არ მიუღიათ.
საქართველოს ბანკის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა: „გაცნობებთ, რომ ბანკის გადაწყვეტილების და შიდა პოლიტიკის საფუძველზე, თქვენი ანგარიში დაიხურება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გააუქმოთ ანგარიშები ვადამდე“.
აღნიშნულ თემაზე „კომერსანტი“ „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ „ყველა გადაწყვეტილება მიღებულია ბანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად“.