„საქართველოს ბანკმა“ ავტოსამრეცხაო „საშხაპის“ ტერიტორია შეიძინა. ბანკმა გაგარინის ქუჩასა და მდინარე მტკვრის სანაპიროს შორის, არსებული 4060 კვ.მ ფართობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2022 წლის აპრილში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.
ბანკის სათაო ოფისთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში შპს „რენოს“ ეკუთვნოდა, სადაც 2012 წელს შპს „საშხაპემ“ მესამე კლასის, ავტოტექმომსახურების ცენტრის არქიტექტურული პროექტი განახორციელა. შპს „საშხაპის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი პაატა შატბერაშვილია.
რაც შეეხება შპს „რენოს“, აღნიშნული კომპანია 2020 წელს შპს „ი ემ სი ფაუერ“-თან გაერთიანდა, დირექტორი კი ლაშა ნოდია გახდა. არსებული კომპანიის სხვა ორგანიზაციებთან შერწყმა-შეერთება ბოლო წლებში რამდენჯერმე განხორციელდა. საბოლოოდ კი როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის ახლოს მდებარე რამდენიმე ნაკვეთთან ერთად, დღეს ბანკი უკვე 15690 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.
ამ ეტაპზე გარიგების სხვა დეტალები უცნობია. როგორ გეგმავს „საქართველოს ბანკი“ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენებას და რა განთავსდება ტერიტორიაზე, არ ხმაურდება, თუმცა „კომერსანტი“ დეტალების გარკვევას აგრძელებს.