ახალი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე - ევროკავშირის კითხვარს საქართველო უახლოეს დღეებში მიიღებს - ინფორმაცია "კურიერს" ბელგიასა და ლუქსემბურგში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილმა დაუდასტურა.
ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსით შეიცვლება.
ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და სავარაუდოდ, სწორედ ორშაბათს, ლუქსემბურგში საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცემათ.
ვახტანგ მახარობლიშვილი "კურიერთან" დეტალურად ჰყვება თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პროცედურა, რა მოლოდინებია კითხვარის გადმოცემის შემდეგ და რა სავარაუდო ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი.
"პირველ რიგში დაგიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ალბათობით ორშაბათს გადმოგვეცემა ევროკომისიის მხრიდან ის კითხვარი, რომელიც საფუძველს მოგვცემს, რომ ჩვენ უკვე გადავიდეთ კიდევ ერთ ეტაპზე, დავიწყოთ ამ კითხვარზე პასუხების მომზადება.
ქართული მხარე რა თქმა უნდა აქტიურად ემზადება ამ პროცესისათვის და შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელზეც უკვე იქნა აღნიშნული თემა განხილული, მზად არის, რომ დაიწყოს ამ კითხვარზე მუშაობა და შესაბამისი პასუხების მომზადება.
კითხვარის გადმოცემა დიდი ალბათობით მოხდება ევროკომისარის მიერ, ვგულისხმობ გაფართოების კომისარს ბატონ ვარჰეინს, რომელიც ქართულ მხარეს გადმოგვცემს.
ის ფაქტი, რომ კითხვარი მას შემდეგ, რაც საქართველომ დანარჩენ ორ ასოცირებულ პარტნიორთან ერთად გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ის ფაქტი, რომ ეს კითხვარი საკმაოდ მოკლე დროში გადმოგვეცემა მართლაც არის დასტური იმისა თუ რაოდენ ევროკავშირი თვითონ დაინტერესებულია ამ პროცესით, შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მომავალშიც სწრაფი ტემპით ივლის.
ჩემი ინფორმაციით, საქართველოსა და მოლდოვასთვის კითხვარი ერთ დღეს გადაიცემა," - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
RUSTAVI2.GE