ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.
მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას (80 პროცენტი), პრო-რუსული ძალების გააქტიურებასა (57 პროცენტი) და რუსეთის სამხედრო აგრესიას (52 პროცენტი) ელის.
ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82 პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ. საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა (67 პროცენტი) და პუტინის (11 პროცენტი) ბრალია.
ამასთან, მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის (98 პროცენტი), ასევე უკრაინის მთავრობის (87 პროცენტი) მიმართ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ომზე საპასუხო ქმედებებს დადებითად მოსახლეობის 63 პროცენტი აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებებს - 46 პროცენტი.
“კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული. კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა - მოგვარებისკენ მიმართონ.”- აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.