საქართველოს რკინიგზამ დაცვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებული მომსახურებებისა და დაცვის მომსახურების შესაძენად 7 797 855 ლარის ტენდერს აცხადებს.
როგორც ტენდერის დოკუმენტაციაშია ნათქვამი შესყიდვის ობიექტია - საქართველოს რკინიგზის ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის მომსახურება.
შესყიდვები 8 თებრვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 8-13 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.
პრეტენდენტად მხოლოდ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ არის წარმოდგენილი. თავდაპირველად სატენდერო კომისიამ 20 მარტს დოკუმენტაციის დეტალურად გაცნობის მიზნით დამატებით 5 სამუშაო დღე ითხოვა. შემდეგ კი დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო კომპანიას დაზუსტებული მასალების წარმოდგენისათვის განუსაზღვრა არაუმეტეს 3 სამუშაო დღე (არაუგვიანეს 30.03.2023)
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად შპს ინტერსექიურითი-ჯორჯიას გენერალური დირექტორი იოსებ ალავიძეა. წილები კი შემდეგნაირად ნაწილდება: იოსებ ალავიძე - 54.67%, ზურაბ წერეთელი - 26.83%, იოსებ ფიჩხაძე - 18.5%.
იოსებ ალავიძე შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია, ის 1997-2001 წლებში თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. იყო საქართველოს შსს ეკოლოგიის მთავარი სამმართველოს უფროსიც.