საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.63 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში რეზერვების ზომა 251 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან რეკორდულად დიდ მოცულობას მიაღწია. ეს მაჩვენებელი 708 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, აქ წლიურ ჭრილში ზრდა 719.4 მლნ დოლარია. კერძოდ, 2021 წლის ნოემბრისთვის სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3.441 მლრდ დოლარს, ერთი წლის შემდეგ კი 4.160 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ თვეში კი ზრდა 238 მლნ დოლარია, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.922 მლრდ დოლარი იყო.
საქართველოს სავალუტო რეზერვების დაგროვების დინამიკა ბოლო რამდენიმე თვეა მნიშვნელოვნად იზრდება, ივნისის შემდეგ რეზერვების ზომა 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.