„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სსე-ის ახალი ხელმძღვანელი გიორგი გიგინეიშვილი წარადგინა.
სსე-ში საკადრო ცვლილებების შესახებ „კომერსანტი“ რამდენიმე დღის წინ წერდა. ინფორმაცია ,,კომერსანტს“ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, კონფიდენციურობის პირობის დაცვით აცნობა. წყარო ირწმუნებოდა, რომ 15 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს უჩა უჩანეიშვილს გადადგომის შესახებ მთავრობიდან აცნობეს, თუმცა ინფორმაციას კომპანიაში არ ადასტურებდნენ.
სსე-ს ინფორმაციით, გიორგი გიგინეიშვილი ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, მმართველობით თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „შაქშაჰეთ ჰესის“, „ჭიორა ჰესის“, „ჩვეშურა ჰესის“ დირექტორის თანამდებობებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) დაარსდა 2002 წელს სს „ელექტროგადაცემისა“ და სს „ელექტროდისპეტჩერიზაციის“ შერწყმის შედეგად. კომპანია საქართველოს გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია, რომელიც ფლობს საქართველოს მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) მიერ გაცემულ ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიას, ასევე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზიას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისთვის. სსე ახორციელებს ორ ძირითად საქმიანობას: ელექტროენერგიის გადაცემა და დისპეტჩერიზაცია.