უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ 20 ივლისის 10:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.
განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.
- განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:
- გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 22 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge