საქართველოს ხელოვნების სასახლეს (კულტურის ისტორიის მუზეუმი) ქართული ანიმაციური ფილმების „წუნა და წრუწუნასა“ და „ჩხიკვთა ქორწილისათვის“ შექმნილი 11 ესკიზის შეძენა სურს, რაშიც 30 ათასი ლარის გადახდას აპირებს. საქართველოს ხელოვნების სასახლემ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, რათა ამ ესკიზების შესაძენად გამარტივებული შესყიდვის უფლება მოიპოვოს.
როგორც ირკვევა, ესკიზების ავტორია ცნობილი ქართველი მხატვარი ბორის სტარიკოვსკი. ისინი სწორედ ის ეგზემპლიარებია, რომლის მიხედვითაც მოხდა ამ ორი გენიალური ანიმაციური ფილმის გადაღება.
„ესკიზები განუმეორებელია. მხატვარი სტარიკოვსკი დღეისათვის არ არის ცოცხალი და ნებისმიერი სხვა მხატვრის მიერ შესრულებული ექსპონატი იქნება განსხვავებული მხატვრული და ისტორიული ღირებულები“- აღნიშნულია სახელმწიფოს შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კინსოსტუდიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ქართული ანიმაციური ესკიზების უმეტესი ნაწილი განადგურდა.
სსიპ „საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი“ წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს სიძველეთსაცავს და მის უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს როგორც ფონდებში დაცული მასალის დაცვა/მოვლა, ასევე ახლად შეძენილი უნიკალური მასალით მათი შევსება. სწორედ აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად მუზეუმი დადგენილი წესით მუდმივად ახორციელებს სამუზეუმო ექსპონატების შეძენას.