ღვინის ექსპორტი იტალიიდან რუსეთში 2022 წელს 16%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, მიწოდების მოცულობამ კი რეკორდულ 172 მილიონ ევროს მიაღწია, იტყობინება სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა იტალიური ასოციაცია Coldiretti.
იტალია გახდა რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი, მან ესპანეთსა და საქართველოს გადააჭარბა და ბაზრის დაახლოებით 30% დაიკავა, - ამბობს Coldiretti.
ყველაზე პოპულარული ღვინოებია პროსეკო და ასტი, ასევე ღვინოები ტოსკანის, სიცილიის, პიემონტისა და ვენეტოს რეგიონებიდან. რუსეთში გაყიდული იტალიური ღვინოების ნახევარზე მეტი არის ცქრიალა ღვინოები: მათ შეადგინეს 91 მილიონ ევროზე მეტი, რაც 28%-ით მეტია წლიურად. თეთრი და წითელი ღვინის ექსპორტმა 81 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 5%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ღვინის ექსპორტი რუსეთში გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიუხედავად. ევროკავშირის შეზღუდვები არ კრძალავს ღვინის მიწოდებას, მაგრამ არ იძლევა 300 ევროზე მეტი ღირებულების ფუფუნების საქონლის ექსპორტს, ეს ეხება ღვინოსაც. თუმცა, ეს სანქციები შეეხო იტალიური ღვინის მხოლოდ ძალიან ვიწრო სეგმენტს.
2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში ღვინის ექსპორტი რუსეთში ევროკავშირიდან 40%-ზე მეტით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს RBC ევროკომისიის მონაცემებზე დაყრდნობით. ევროკავშირი არის რუსეთის ღვინის მთავარი მიმწოდებელი, ძირითადი ექსპორტიორები არიან იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.