16-18 ნოემბერს, კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების ახალი სამოდელო პროექტის განხილვა კანადის მხარემ საქართველოს 2018 წელს შესთავაზა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების სამი ოფიციალური რაუნდი 2018 და 2019 წლებში, მონაცვლეობით ოტავასა და თბილისში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რობ სტუარტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.
მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.