2023 წელს საქართველოს ხელისუფლება წყალტუბო-ახალციხე-თორთომის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს. პროექტი გერმანული KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.
საბიუჯეტო პროგნოზებით, პირველ ეტაპზე, 2023 წელს იგეგმება 500 კვ ძაბვის წყალტუბო-ახალციხის 103 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
მეორე ეტაპი გულისხმობს 400 კვ ძაბვის 34 კმ-იანი „ახალციხე-თორთომის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.
სამუშაოებს ინდური სამშენებლო კომპანია KEC International Limited განახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნის ენერგოსისტემის გამტარუნარიანობა და საიმედოობა მკვეთრად გაიზრდება.
პროექტი თანადაფინანსებულია გერმანული KfW-ის და ევროკავშირის მეშვეობით ENIP-ის (ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა) ფარგლებში. ENIP-ის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 270 მილიონ ევროს, თანადაფინანსებულია KfW-ისა და EBRD-ის მიერ, მათ შორის 9,9 მილიონი ევროს გრანტის დაფინანსება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდანაა.