საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება 1500 ლარი, ანუ თვეში 125 ლარია.
სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 103 495 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს. სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: სს თიბისი დაზღვევა - 22,393; სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 18,062; სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 17,305; სს პსპ დაზღვევა - 6,574; სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 6,539.
ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2022 წლის 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 116,435,939 ლარის პრემიები მოიზიდეს.
2022 წლის 9 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ კი მომხმარებლებს 84,350,657 ლარი აუნაზღაურა. ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგია“.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 704,5 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 9.4%-ით გაზრდილია. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 152,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 341,5 მილიონ ლარს.