საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება 1559 ლარი, ანუ თვეში 129 ლარია.
სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 108 486 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს. სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: სს თიბისი დაზღვევა - 14,259; სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 11,696; სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 10,600; სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 6,046; სს პსპ დაზღვევა - 5,492.
ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 84 595 463 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგს 10 მილიონი ლარით აღემატება.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ კი მომხმარებლებს 54 617 299 ლარი აუნაზღაურა. ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგია“.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 504,7 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 91,8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 10,3 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 151,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 313,6 მილიონ ლარს.