საქართველოში ბელარუსის საელჩოსთან ბელარუსის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ბელარუსში მიმდინარე რეფერენდუმს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება და პრეზიდენტ ლუკაშენკოს უფლებას მისცემს ხელისუფლებაში დარჩეს. ამასთან, კონსტიტუციის შეცვლის შედეგად ბელარუსს ბირთვული იარაღის ქონის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი კონფლიქტის უფლება ექნება.
მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ დაკარგა ქვეყნის კონტროლი, ვინაიდან რუსები იყენებენ ბელარუსის ტერიტორიას და ათავსებენ საკუთარ სამხედრო ძალებს, რაც ფაქტობრივად ოკუპაციაა.
,,ჩამოვედი ბელარუსიდან, იძულებული ვიყავი გამოვქცეულიყავი, რადგან ჩემს წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. დღეს ბელარუსში არის რეფერენდუმი, თუმცა ვინც ქვეყნიდან გასულია ჩამორთმეული აქვს ხმის მიცემის უფლება, რეჟიმს ესმის, რომ ყველა რეფერენდუმის წინააღმდეგ მისცემს ხმას. რეფერენდუმის შედეგად შეიცვლება კონსტიტუცია და მისცემს ლუკაშენკოს უფლებას ხელისუფლებაში დარჩეს. ლუკაშენკომ დაკარგა ქვეყნის კონტროლი, რუსები იყენებენ ბელარუსის ტერიტორიას და ათავსებენ საკუთარ სამხედრო ძალებს, ეს ფაქტობრივად ოკუპაციაა.
ამ მომენტში მინსკში იკრიბებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც ემზადებიან მოქალაქეების დასაკავებლად. თუ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ღიად გამოდიხარ პირდაპირ გიჭერენ და ციხეში გსვამენ. ბევრ ადამიანს დაავალდებულეს ხმის მიცემა, რეფერენდუმი მიმდინარეობს ისე, როგორც მანამდე არჩევნები, სრული ფალსიფიკაციაა”, - აღნიშნა აქციის მონაწილე ალექსანდრე ბურაკოვმა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"