ქართული ჩაის ხვედრითი წილი შიდა ბაზარზე 2010 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად თითო ორ-ორი პროცენტით იზრდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ განაცხადა, დღეისათვის შიდა ბაზარზე ქართული ჩაის ხვედრითი წილი 20-25%-ია, რაც გაზრდილი იმპორტირებული ჩაით და დემპინგური ფასებით აიხსნება.
საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა ნატურალურ ჩაის პროდუქციაზე, შავ ჩაიზეა. ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა მწვანე ჩაიზეც. ყველაზე ცნობად ქართული ჩაის ბრენდებად „გურიელი“, „ტყიბულის ჩაი“ და „ანასეული“ რჩება.
იქიდან გამომდინარე, რომ ენერგომატარებელზე ფასები იზრდება, ჩაის თვითღირებულებამაც მოიმატა. თენგიზ სვანიძის თქმით, ქართული ჩაის ფასი დაახლოებით 3-4-5%-თაა გაზრდილი. რაც შეეხება ექსპორტს, მინიმალური რაოდენობის ქართული ჩაი, ე.წ. „აგურა ჩაი“ გადის მონღოლეთში, დაფასოებული - ბალტიის ქვეყნებში და საშუალო ხარისხის ჩაი - შუა აზიაში.
თენგიზ ვასაძის განმარტებით, დარგში ბევრი გამოწვევაა. ერთ-ერთი მწარმოებელსა და ნედლეულის მიმწოდებელს შორის წარმოქმნილი დისპროპორციაა.
„მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩაის პლანტაციები ვერ იძლევა იმდენ ნედლეულს, რამდენსაც მწარმოებელი ითხოვს. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მეწარმეებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაში ეხმარება.
აქამდე რეაბილიტაცია მხოლოდ 5-დან 300 ჰა-მდე ფართობის ჩაის პლანტაციებს ეხებოდა. მცირე მეწარმეებს ამხელა პლანტაციები არ ჰქონდათ, იჯარითაც ვერ იღებდნენ და ამ ზღვრის შემცირებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, სარეაბილიტაციო პლანტაციების ფართობის მინიმალური ზღვარი 3 ჰა გახდა,“ აცხადებს თენგიზ სვანიძემ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა