ზედიზედ მეორე თვეა, ინფლაციაში ფასების ზრდის სიდიდით ბოსტნეული და ბაღჩეული პირველ პოზიციაზეა. ამის მიზეზი, გარდა სეზონური ცვლილებისა, წარმოების სიმცირეა, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი უკვე შემოდგომიდანვე დეფიციტშია. როგორც აგრარული სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, დეფიციტის საფრთხე არ გველის, ქართული პროდუქტი თუ არ არის, აუცილებლად არის იმპორტული, ჩანაცვლების მხრივ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს. თუმცა, სასურველია, ჩვენი მარაგები გაგვაჩნდეს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
,,ყველაზე მეტად გაზაფხულზე იზრდება ხოლმე ფასები ხილსა და ბოსტნეულზე. ახალი ჯერ არ არის, მარაგი მილეულია და ბაზარი ძირითადად იმპორტირებული პროდუქტით ივსება. შესაბამისად, ლარის კურსიდან გამომდინარე, ფასი მატულობს და ეს ინფლაციაშიც სათანადო ასახვას პოულობს. ქართული ბოსტნეული და ხილი იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ დროის მცირე პერიოდში ჰყოფნის მოსახლეობას და უკვე მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დაიკმაყოფილოს, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ეს არის, რაზეც გაძვირებული ლოგისტიკაც თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - ამბობს პაატა აროშიძე.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროდუქტის ადგილობრივი მარაგები გაიზარდოს, რისთვისაც დარგი სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს როგორც საგაზაფხულო სამუშაოებზე ხელშეწყობის, ასევე ტექნოლოგიური განვითარების კუთხითაც.
,,საგაზაფხულო სამუშაოები უკვე უნდა დაიწყოს. ძირითადი დაბრკოლება არის საწვავის მაღალი ფასი, რის გამოც სამუშაოები იმ ხარისხით, ეფექტურობითა და მოცულობით შეიძლება ვერ ჩატარდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაფინანსება გამოიყოს მიწის დამუშავებაზე, სუბსიდია ან სხვა მექანიზმი ჩავრთოთ. სოფლის მეურნეობა მზარდია, იმისთვის, რომ შედეგი გვქონდეს, დროში გაწერილი პოლიტიკაა საჭირო. ბოლო წლებში დიდი თანხა დაიხარჯა აგრარული სექტორის განვითარებაზე, მაგრამ ეს იყო მოკლევადიანი ეფექტის მქონეა. ,,დანერგე მომავალი“ და მსგავსი პროექტები კი შედეგს უფრო მომავალში მოგვცემს, მაგრამ დანარჩენი ერთჯერადი ხასიათისაა და წარმოშობილი პრობლემის დროებით მოგვარებაზეა ორიენტირებული. აუცილებელია უფრო კომპლექსური ღონისძიებები, ტექნოლოგიური განვითარება და და მეცნიერების ჩართვა, ასევე უცხოელი გამოცდილების გათვალისწინება. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, რათა სოფლის მეურნეობა ეკონომიკური წინსვლის საქმეში ჩადგეს“, - აცხადებს პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში წლიური ინფლაციის განაკვეთმა 11.8%-ს მიაღწია, ბოლო 12 თვის საშუალომ კი 11.7%-ს. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 17.8%-ით გაძვირებამ მოახდინა. მათ შორის, ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული (27.0 პროცენტი) გაძვირდა.
რაც შეეხება თებერვლის სტატისტიკას, ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 13.7%, ბოლო 12 თვის საშუალომ კი 11.3% შეადგინა. ბოსტნეული და ბაღჩეული თებერვალში 34%-ით გაძვირდა.
მარი ჩიტაია