საქართველოში გენერაცია 9.8%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ს შეადგენს, რაც გამოწვეულია უკეთესი ჰიდროლოგიით და ასევე იმითაც, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომუშავება.
„მიმდინარე წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია 9.8%-ით. წინა წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 12,431 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს - საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური გამომუშავება შეადგენს 13.645 მლრდ კვტ/სთ-ს. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 4%-ით. 2021 წლის ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 10,064 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წლის ჯამური საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10,466 მლრდ კვტ/სთ-ით.
ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების წილის ზრდა განპირობებულია ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად სადგურის წარმოების მაჩვენებლების გაუმჯობესებით. რაც შეეხება ელექტროენერგიის შიდა მოხმარებას, 2021 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მოხმარება გაზრდილია 6.2%-ით და შეადგენს 14,914.9 მლრდ კვტ/სთ-ს.
2021 წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია იმპორტი და 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს განხორციელებული იმპორტის ჯამური მოცულობა 1.465 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. საქართველომ იმპორტის განხორციელება სექტემბერში უკვე დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე შეამცირა. იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.