საქართველოში იახტების იმპორტი ბოლო 13 წლის მაქსიმუმზეა. საქსტატის ვებგვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება 2009 წლიდანაა შესაძლებელი, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოში 2022 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის (წონის და ღირებულებით ჭრილში) იახტების იმპორტი დაფიქსირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 4,125.28 ათასი დოლარის იახტების იმპორტი დაფიქსირდა, რაც 938.6%-ით მეტია 2021 წელს ქვეყანაში შემოსულ იახტების ღირებულებასთან შედარებით. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას სახეზეა, რომ 2020 წელს როდესაც ქვეყანაში ლოკდაუნი იყო 2019 წლამდე ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით იახტების იმპორტში ზრდა ფიქსირდება.
ირკვევა, რომ 2022 წელს ქვეყანაში შემოსული იახტების (ღირებულებით ჭრილში) 47.5%-ი ამერიკიდანაა. 2022 წელს ამერიკიდან საქართველოში 1,961.88 ათასი დოლარის ღირებულების იახტები შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქეთი, საიდანაც გასულ წელს ქვეყანაში 845.16 ათასი დოლარის იახტები შემოვიდა.
იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-3-შია ასევე კორეა, საიდანაც 2022 წელს 328.00 ათასი დოლარის იახტებია შემოსული.
რაც შეეხება 2021 წლის სტატისტიკას, იახტების იმპორტის კუთხით აშშ (91.75 ათასი დოლარი), შვეიცარია (88.84 ათასი დოლარი) და უკრაინა (50.61 ათასი დოლარი) ლიდერობდნენ.
საგულისხმო დეტალი: 2022 წელს ქვეყანაში შემოსული იახტების 77,5%-ი ქვეყანაში საავტომობილო გზით შემოვიდა.