საქართველოში კარტოფილის ფასი, 2021 წელთან შედარებით, გაიზარდა. მაღაზიებში 1 კილოგრამი ახალქალაქის კარტოფილი საშუალოდ 2.20-2.50 ლარი ღირს, ბაზარში შედარებით იაფია, იუწყება East-Fruit-ი bizzone.info-ზე დაყრდნობით.
ფერმერებისა და მოვაჭრეების თქმით, წლევანდელი მოსავალი შედარებით ცუდია. გარდა ამისა, ისინი მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდაზე, სეტყვასა და მორწყვასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობენ.
„გასულ სეზონზე კარტოფილის ექსპორტი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში განხორციელდა. წელსაც ასე იქნება, ოღონდ უფრო მცირე მოცულობით“, - აცხადებს ნინოწმინდელი ფერმერი.
ფასები ზრდის მიზეზი ბაზარზე მიწოდების შემცირებაა. ფერმერის თქმით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, ერთი კილოგრამი კარტოფილი 0.60 ლარი ღირდა. წელს, მოყვანის ადგილზე, კარტოფილი საშუალოდ 1.20-1.50 ლარი ღირს. პარალელურად გაიზარდა კარტოფილის კულტივირების ღირებულება, მოიმატა სასუქისა და საწვავის ფასმაც.
ბაზარზე კარტოფილზე ფასების კლება მოსალოდნელი არ არის.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა