საქართველოში პირველი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი აშენდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვის პროცედურები მიმდინარეობს.
აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტზე იმყოფებოდა. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) კონტრიბუცია პროექტის განხორციელებაში, 4 მილიონი ევროს გრანტს შეადგენს. მინისტრმა ელჩთან ერთად ობიექტზე ვიზიტისას, სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილა.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ ფინანსდება.
მიღწეული შეთანხმებით, პროექტს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ახალი ობიექტის ტექნიკურ აღჭურვას და არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციას, დამატებით დაახლოებით 25 მლნ ევროთი დააფინანსებს. დოკუმენტზე EBRD-ის დაკვეთით გერმანელი სპეციალისტები უკვე მუშაობენ.