ბიზნესის წარმოებისთვის ქალები უამრავ სირთულეს აწყდებიან და უწევთ დამტკიცება, რომ საქმის გაძღოლა მამაკაცებზე არანაკლებ კარგად შეუძლიათ.
საქმიან სექტორში დომინანტობას მამაკაცები ინარჩუნებენ – ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალების თანაფარდობა კაცებთან მიმართებაში 40/60-ზეა. ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. საქართველოში ქალების 59.5% კი, სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ დაკარგული რესურსის გამო საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 11%-ზე მეტს კარგავს. [წყარო: ქალები ბიზნესში, 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი].
გამოწვევები კომპლექსურია. პრობლემების საპასუხოდ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს ბანკი ძალებს აერთიანებენ – ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდასაჭერად მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა იწყება.
სკოლის დანიშნულებაა, დახმარება გაუწიოს მეწარმე ქალებს და ბიზნესის სამყაროში გამარჯვება ასწავლოს – ამბიციური მიზნის მისაღწევად საქმიან ქალებს ბიზნესის ხელშეწყობის 360-გრადუსიან მიდგომას შესთავაზებენ.
„გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე ბიზნესის იმპერატივია. ეს კომპლექსური საკითხია, რომლის გადაწყვეტა სხვადასხვა გზით შეიძლება. ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი მომავალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებას სხვას ვერ ანდობენ. მივესალმებით ამ მხრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით თუკი ჩვენი პარტნიორობის შედეგად მეწარმე ქალები პროფესიულ ზრდასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებენ“, – აცხადებს UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა შპოლიარიჩ ეგერი.
მეწარმე ქალთა პროგრამა სწორედ საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნება.
უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს – თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
„მეწარმე ქალთა პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობითა და, წინასწარი მოკვლევის შედეგად, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რაზეც პროგრამა იქნება კონცენტრირებული. ესენია: განათლება, მხარდაჭერა და ქოუჩინგი, გამოცდილების მიღება და თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალთა გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო ხელშეწყობაში“, – ამბობს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი.
ახალი პროგრამის ფარგლებში, სამმხრივი თანამშრომლობით, უპრეცედენტო მხარდაჭერას ქალების მიერ შექმნილი ორასამდე დამწყები საწარმო მიიღებს. შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესგარემოში თამაშის წესების შეცვლის ხელშეწყობა მოხდება.
UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი:
„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ მეწარმე ქალთა პროგრამა წარმატებული ბიზნესპროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში“.
მეწარმე ქალთა პროგრამა საქმიანი ქალების მასშტაბურ მხარდაჭერას გაზაფხულიდან დაიწყებს.