თბილისში ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ბიზნესის მიერ ქონების დაზღვევის თემა აქტუალური გახდა. რა ზარალის ანაზღაურება მოუწევს სადაზღვევო კომპანიას, ამის შესახებ „ამბასადორი ჯგუფში“აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობის და ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.
როგორც სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, საქართველოში ქონების დაზღვევა ევროპასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია და ეს კულტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს.
„ქონების დაზღვევა ფუფუნება არ არის, ის ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს როგორც ერთ-ერთი ხარჯი, მაგალითად როგორიცაა საწარმოო და საწყობის ხარჯები. ეს არის კულტურა, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს და უნდა გამოვიმუშაოთ.
საქართველოში ქონების დაზღვევა ევროპასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. თუმცა წინა წლებთან შედარებით სტატისტიკა მზარდია და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად მოცვა გაიზარდა. ბიზნესის მიერ დაზღვევის გააქტიურებას ხელს ერთი მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციების შემოსვლა უწყობს, ისინი მიჩვეულები არიან დაზღვეულ გარემოში მუშაობას ამიტომ ჩვენთანაც ასე იქცევიან. მეორე მხრივ კი საბანკო დაკრედიტებაა, სადაც კაპიტალიზება ხდება ამ აქტივის, შესაბამისად ბანკთან როგორც კი გაქვს შეხება მას აქვს ეს ნაწილი გათვალისწინებული“, — ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
2022 წლის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 118.5 მლნ ლარი შეადგინა, მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა. ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2022 წელს 47.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 40%-ზე მეტია. მეორე ადგილზე 21.5 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, მესამეზე კი 17.3 მლნ ლარით „უნისონი“. უნისონი 2021 წელს სახეობაში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა 2022 წელს პოზიცია დაკარგა და მისი ადგილი თიბისიმ დაიკავა.