საქართველოში სათბურის ბოსტნეული, კერძოდ, კიტრი და პომიდორი ძვირდება, რადგან ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული თურქულ იმპორტზე. თურქეთში კი ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება. EastFruit-ის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად საქართველოსთვის სათბურის ბოსტნეულის იმპორტი აუცილებელია.
თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში სამომხმარებლო ფასები, თებერვალთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა, ხოლო მარტის წლიურმა ინფლაციამ 61%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი დონეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მართალია, ლირის გაუფასურება შეჩერდა, მაგრამ, წინა წელთან შედარებით, მისი ღირებულება, დაახლოებით, ნახევარ მაჩვენებელზეა.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) 15 მარტის მონაცემებით, თურქეთმა გარკვეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ადგილობრივი ფასების სტაბილიზაციისთვის აკრძალა.
EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, თურქულ ხილ-ბოსტნეულზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების შედეგად, ქვეყანაში ზოგიერთ ძირითად პროდუქტზე ფასები, შარშანდელთან შედარებით, 30%-დან 140%-მდე გაიზარდა.
8 აპრილის მდგომარეობით ფასების წლიური ზრდა ასეთია:
- მრგვალი წითელი პომიდორი - 140%-ით
- შარშანდელი სტაფილო - 88%-ით
- შარშანდელი ყვითელი ხახვი - 73%-ით
- მოკლე ხორკლიანი კიტრი - 57%-ით
- მწვანე ტკბილი წიწაკა - 55%-ით
- პომიდორი „ჩერი“ – 48%-ით
- მარწყვი - 35%-ით
- ვარდისფერი პომიდორი - 29%-ით
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"