საქართველოში შესაძლოა, თარჯიმანთა სერტიფიცირება სავალდებულო გახდეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, წინადადება გულისხმობს:
საქართველოში მოღვაწე თარჯიმანთა აღრიცხვას და მათ თავმოყრას ერთ სივრცეში (ერთიან ორგანიზაციაში);
თარჯიმანთა სერტიფიცირებას, ლიცენზიის გაცემას და თარჯიმნის სტატუსის მინიჭებას;
ნაფიცი თარჯიმნის ინსტიტუტის დამკვიდრებას;
თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნას (ნოტარიულად დასამოწმებელი საბუთებისთვის);
ხელმოწერების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლას;
თარჯიმნის ხელმოწერისა და ბეჭდისთვის იურიდიული ძალის მინიჭება;
თარგმანის საფასურის უნაღდო ანგარიშსწორებას და სახელფასო საბარათე სისტემაზე გადასვლას (ნოტარიულად დასამოწმებელი საბუთებისთვის).
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.