საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყანაში აღმოჩენილია საწებელისა და წიწაკის ნიმუშები, რომელიც აკრძალული, "სუდანის ჯგუფის" საღებავს შეიცავდა. უწყება 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ ნივთიერების შემცველი პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან.
კვლევამ გამოავლინა:
შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9;
წითელი წიწაკა - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე.
"ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს...
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს", - წერია განცხადებაში.
სააგენტო აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში.
აქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.
მაგალითად, „სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც, აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაცით, ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება. ის ადამიანის დნმ-ზე პირდაპირ მოქმედებს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე „სუდან 1“ კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ “სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში და მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს. ის არ არის ნებადართულ საკვებდანამატი - "აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად".
საქართველოში საწებელისა და წიწაკის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებზე შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქართული სუნელები ტყვიის საგანგაშო დოზას შეიცავდა.
radiotavisupleba.ge