რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ, საქართველოს როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, იქნება თუ არა ვინმესთვის ლოგისტიკური ჰაბი, ამას ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ის ჯაჭვი, საიდანაც სატრანზიტო ტვირთები მოდის, შეთანხმდეს იმაზე, რომ ტვირთების საქართველოზე გატარება იქნება დროში ეფექტური, ტარიფები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი.
„საქართველოში ტვირთის გატარება დროში ეფექტურია, მაგრამ უფრო ძვირია, ვიდრე ეს რუსეთიდან გატარების შემთხვევაში იყო. როდესაც ომი დასრულდება, არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნები სატრანზიტო გზად ისევ რუსეთს არ მოითხოვენ. საქართველომ ერთბაშად მოიპოვა ეს შესაძლებლობა და შეიძლება, ასევე ერთბაშად დაკარგოს, თუ რუსეთთან მიმართებაში სანქციები არ შენარჩუნდება მანამ, სანამ საქართველო თავის დამკვიდრებას შეძლებს.
თუმცა აქ მხოლოდ საქართველოს ფაქტორი არ არის, აქ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ინტერესებია, ეს ყველაფერი ერთიან სინქრონში უნდა იყოს მოყვანილი, დღეს უნდა, თუ არ უნდა, ტვირთი საქართველოს გავლით გადის, იმისათვის, რომ ქვეყანამ ტვირთი ევროპაში მიიტანოს 5-6 ქვეყანაა ამაში ჩართული, ამ საკითხს რუსეთის გზა მარტივად აგვარებდა და მარტივი არ არის იმის თქმა, რომ საქართველო ამ როლს შეინარჩუნებს, თუ ომი მოკლევადიან პერსპექტივაში დასრულდება. თუ ეს ომი გრძელვადიანში გადავიდა, მაშინ საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ გზაზე თავი დაიმკვიდრონ და მუშაობის ერთიანი ტარიფი და პრინციპი ჩამოაყალიბონ, რომ საქართველოს ჰქონდეს რუსეთზე მეტი უპირატესობა, რომლის კორიდორიც ადრე თუ გვიან გაიხსნება“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.