აგვისტოში ქართული თხილის ექსპორტის მონაცემები არასახარბიელოა, - ასეთია EastFruit-ის ანალიტიკოსების მიმდინარე სეზონის შეფასება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის, თხილის ექსპორტის მოცულობა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით განახევრებულია, დაბალია ფასიც.
ქართული თხილის ექსპორტმა აგვისტოში მხოლოდ 0,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც აგვისტოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, სულ მცირე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. საექსპორტო ფასები ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა: 2014 წლიდან საშუალო თვიური საექსპორტო ფასი 75%-ზე მეტ შემთხვევაში აღემატება ამჟამინდელ საშუალო ფასს, რაც კილოგრამზე $4,70-ია და ამავდროულად ყველაზე დაბალი ფასია აგვისტოსთვის. ახალი სეზონის დასაწყისში საექსპორტო მიმართულებათა სამეულშია გერმანია, სომხეთი და რუსეთი.
EastFruit-ი საექსპორტო ფასებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს გასული სეზონიდან შემორჩენილი თხილია. იტალიიდან კი შესყიდვები არ ყოფილა. მთლიანობაში 2022 წლის აგვისტოში წლიურ ჭრილში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები თხილი გაიტანა ექსპორტზე.
EastFruit-ი ასახელებენ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ქართული თხილის ექსპორტის მოცულობასა და ფასებზე მოქმედებს:
- დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანმა ამინდმა თხილის ხარისხი გააფუჭა. უამინდობამ შეაფერხა მოსავლის აღების პროცესი და შესაბამისად ამ ყველაფერმა აგვლენა მოახდინა ექსპორტზეც.
- ადგილობრივი ექსპორტიორების მხრიდან მოთხოვნა დაბალია. მათ გარკვეული მარაგები აქვთ და თხილს აქტიურად არ ყიდულობენ. ეს უკრაინის ომის გამო გლობალურად დაბალი მოთხოვნითაც აიხსნება, სუსტი მოთხოვნის ფონზე კი თხილის მთავარ მწარმოებელ თურქეთში მოსავალი გაიზარდა, ლირა კი უფასურდება და ზეწოლას ახდენს თურქეთის საექსპორტო ფასებზე.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხარისხიან თხილზე ამ სეზონზე დიდი მოთხოვნა იქნება, თუმცა თურქეთში უამინდობამ შესაძლოა ხარისხზეც იმოქმედოს. აგვისტო, თხილის სეზონის პირველი თვე, საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ მომავალი თვეები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის თვეებია, როდესაც ბაზარზე ყველაზე მეტი აქტიურობაა.