2022 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა დააანონსა, თუმცა გავიდა თითქმის 3 თვე და გეგმები ჯერ ისევ გაურკვეველი. არადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვარსკვლავთცვენის დასაწყისად ივნისი დააანონსა, ანუ მან გათვლა გააკეთა იმ პერიოდზე, როდესაც საქართველოში ისედაც მაღალი ტურისტული სეზონია.
ღარიბაშვილის მთავრობა „ვარსკვლავთცვენაში“ ორი წლის განმავლობაში 70 მლნ ლარის დახარჯვას კი გეგმავს.
„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები – შემსრულებლები, არტისტები და ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე ბლექ სი არენაზე. ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და, ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოგვივა.“ – განაცხადა 2022 წლის 28 ნოემბერს პრემიერმა.