„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს.
მიხაილ სოცკის თქმით, შახტი ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან.
„ეს საშინელი მოვლენაა. ვცდილობთ, გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდელიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. 20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგებს დაველოდებით. რა ჭრილში გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. უახლოეს ორ დღეში ჩვენ ვითარებაში აუცილებლად გავერკვევით და გაფართოებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ იმ მიზეზებზე, რომლებმაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა“, – აცხადებს მიხაილ სოცკი.
ამასთან, მიხაილ სოცკიმ ისაუბრა ტყიბულის შახტში ორი თვის წინ მომხადრ შემთხვევაზეც.
„ქვანახშირის აალება მეათე ველზე იყო 2 თვის წინ. დღეისთვის, სახელმწიფო ორგანოების დახმარებით აღდგენილია შემაერთებელი სადენები. ეს ველი სრულად არის იზოლირებული და არანაირად არ არის დაკავშირებული იმ ადგილთან, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები. ეს შახტის საერთოდ სხვა ნაწილია, სამუშაოები აღმოსავლეთ ფრთაში მიმდინარეობდა. ძალიან დიდი დაშორებაა მათ შორის და სრულად იზოლირებული. მეათე ველი გავლენას ვერანაირად იქონიებდა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია.
მუშაობს პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, შეიქმნება მეშახტეთა შიდა კომისია, რომელიც იმუშავებს, მათ შორის პროფკავშირების მონაწილეობით. 2-3 დღეში მზად ვიქნებით, დეტალური პასუხები გავცეთ“, – განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ.
1tv.ge