21 ივლისს, კომპანია „საქნახშირის“ მეოთხე საექსპლუატაციო უბნის მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშამ, ამირან ბოჭორიშვილმა ხელზე მსუბუქი თვითდაზიანება მიიყენა.
პერიოდულად, „საქნახშირში“ მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულები, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, ჯანმრთელობის კომისიაზე იგზავნებიან. ერთ-ერთი მათგანია 65 წლის ამირან ბოჭორიშვილიც. კომპანიამ მიიღო კომისიის დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამირან ბოჭორიშვილისთვის მიწიქვეშა სამუშაოების შესრულება რეკომენდებული არ არის (შეუძლია იმუშაოს მხოლოდ მიწისზედა უბნებზე). კომპანია „საქნახშირის“ პრიორიტეტს თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, ბატონი ამირანი შახტაში აღარ გაეშვა.
კომპანიამ დასაქმებულს ზედაპირული კომპლექსის უბანში იმ დროისათვის არსებული ვაკანტური ადგილი შესთავაზა (სამთო მუშაკის თანამდებობა) - შედარებით ნაკლები ანაზღაურებით, თუმცა გაცილებით მსუბუქი დატვირთვით. სამომავლოდ კი, ახალი საშტატო განაკვეთის დამტკიცებისთანავე, ძიძიგურის შახტაზე გადაყვანის საკითხი უნდა განხილულიყო (ასევე ზედაპირულ სამუშოზე).
თავდაპირველად შეთანხმება შედგა, თუმცა 21 ივლისს ამირან ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა 20 ივლისს დაწერილ განცხადებაზე და ნაკლები ანაზღაურების მიღებაზე, რის შემდეგაც ბასრი საგნით კანზე თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნულ ფაქტზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამირან ბოჭორიშვილს აღენიშნება მსუბუქი ნაკაწრი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქნება. ყველა დოკუმენტაცია გადაეცა სამართალდამცავ ორგანოს და მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება.
(NS)