საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლიდან ადგილობრივი ტურიზმის გამოკვლევას თანამედროვე მონაცემთა შეგროვების ელექტრონული მეთოდით (პლანშეტური კომპიუტერებიის გამოყენებით პერსონალური ინტერვიუ - CAPI) განახორციელებს.
ადგილობრივი ტურიზმის გამოკვლევაში მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდის დანერგვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო დროს და გააუმჯობესებს საველე სამუშაოების ხარისხს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქსტატი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება ფარგლებში ახორციელებს საველე პერსონალის ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს გამოკვლევის მეთოდოლოგიისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების საკითხებს, რომელშიც მონაწილეობს საქსტატის 90-მდე თანამშრომელი.
პლანშეტური კომპიუტერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკის პროგრამული პროდუქტის „Survey Solution“-ის გამოყენებით შეიქმნა.
2023 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკურ გამოკვლევას მონაცემთა შეგროვების თანამედროვე ელექტრონული მეთოდით განახორციელებს და სრულად ჩაანაცვლებს ქაღალდის კითხვარებს.