ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქსტატმა მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი წარადგინა.
ევროკავშირი და დანია, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქსტატს, მუნიციპალური სტატისტიკის შეგროვებაში, სისტემატიზაციასა და გამოქვეყნებაში. ამ დახმარების ფარგლებში, საქსტატმა შეაგროვა და დაამუშავა უკვე ხელმისაწვდომი მუნიციპალური სტატისტიკური მონაცემები, განსაზღვრა ახალი სტატისტიკური ინდიკატორები და უზრუნველყო არსებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.
შესრულებული სამუშაოს შედეგების წარდგენა 13 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონების დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სანდო და გამჭვირვალე მუნიციპალური სტატისტიკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატებისთვის. მრავალმხრივ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უფრო ეფექტიანად შემუშავდება ადგილობრივი განვითარების მიზნობრივი პროგრამები, შეფასდება ადგილობრივი სერვისების ხარისხი და ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის წარმატებები და გამოწვევები.