კერძო სექტორის და რიგითი მოქალაქეების საქველმოქმედო კამპანიას უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად, ქართველი კალიგრაფებიც უერთდებიან. ამ რამდენიმე დღის წინ ღონისძიება თიბისი არტ გალერეაში მოეწყო, სადაც 20-მდე კალიგრაფის ნამუშევარი წარმოადგინეს. გამოფენა-გაყიდვიდან ,,კალიგრაფები უკრაინისთვის“ შემოსულმა თანხამ 14 000 ლარი შეადგინა.
ღონისძიების ორგანიზატორი ახლახან დაფუძნებული საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია იყო. რომლის პირველი ღონისძიება სწორედ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მიეძღვნა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უკვე ონლაინ რეჟიმში გრძელდება. კალიგრაფების მიერ შექმნილი ნიმუშები სილამაზესთან , ნატიფ ხელწერასთან ერთად ყურადღებას იქცევს სახარებისეული სიბრძნიდან ამოკრეფილი ციტატებითა და ქართველი პოეტების უკვდავი სტრიქონებით , რითაც ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და თავისუფლებას განადიდებდნენ.
გამოფენაზე გაყიდულ ნამუშევრებს შორისაა ცნობილი კალიგრაფის, აფხაზეთის სულიერების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ლეილა ბაღბაიას ორი კალიგრაფიული ნიმუში.
,,ომი დამანგრეველი მოვლენაა, მისი ზარალის კომპენსაცია ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ეს არის მატერიალური, ადამიანური და სულიერი დანაკარგი, რის ტარებაც მძიმე ჯვარივით მოუწევს უკრაინას. მასთან ერთად მრავალ ერს, მათ შორის, ქართველ ხალხს, რომელიც ომის მიმდინარეობისას მაქსიმალურად გვერდში უდგას უკრაინელებს და რითაც შესაძლებელია, ეხმარება. ვამაყობ, რომ ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილიცაა.
ღონისძიების ,,კალიგრაფები უკრაინისთვის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა, ასოციაციის დირექტორის მოადგილემ, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ, ხელნაწერთა ექსპერტმა და კოლექციონერმა ამირ იაშარ აჯამმა და თითოეულმა კალიგრაფმა.
რაც შეეხება ღონისძიების თემატიკას, უკრაინის მიმართ გამოხატულ სოლიდარობასთან ერთად, გვსურდა მოგვეხდინა ქართული ანბანის და კალიგრაფიის მეტი პოპულარიზაცია. ემოციაც გულწრფელი და გადამდებია, რასაც მოწმობს წარმოდგენილი ნიმუშების მიმართ ინტერესი, დამოკიდებულებები და მხარდაჭერა, რაც ჩვენი ნამუშევრების შეძენითაც გამოიხატა. ჩემი ერთი ნამუშევარი შეიძინა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში; ერთ-ერთი კი აფხაზეთის მკვიდრმა. აქამდე ხელის ყველა მონასმი თუკი აფხაზეთის თემატიკას ეძღვნებოდა ჩემი, უკრაინა კიდევ ერთ დიდ ტკივილად გვექცა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ლეილა ბაღბაია.
ონლაინ გამოფენა-გაყიდვა 15 მაისამდე გაგრძელდება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი თიკა სვანიძე ვენკო და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე.
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ მოწყობილი ღონისძიება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კალიგრაფიის შემოქმედებით ძალას საზღვრები არ აქვს.
მარი ჩიტაია