საქართველოს სარეკლამო და მედია სექტორები წელიწადში დაახლოებით 130 მილიონ ლარს დაკარგავენ, სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვის გამო, რომელიც ძალაში დღეიდან, 1–ლი მარტიდან შევიდა.
როგორც “კომერსანტს“ სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა უთხრა, სათამაშო ბიზნესი რეკლამაში წლის განმავლობაში 100 მოლიონ ლარს ხარჯავდა, ამას ემატებოდა სასპონსორო ხელშეკრულებები, რომელიც 20–30 მილიონ ლარამდე მერყეობდა.
“სარეკლამო სივრცეში წლიურად დაახლოებით 100 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ამას ემატებოდა სასპონსორო ხელშეკრულებები, რომლის ჯამიც წლიურად 20– 30 მილიონ ლარს შეადგენდა“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.
დღეიდან, 1-ლი მარტიდან აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელის მიხედვით ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ძალაში ახალი რეგულაციები შედის.
დღეიდან აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის ქართულ ვებგვერდებზე განთავსება.
სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, დღეიდან, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 1 მილიონ ადამიანს აეკრძალება . მათ შორის არიან 25 წლამდე მოქალაქეები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველ პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ის ადამიანები ვინც ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით შავ სიაში მოხვდება.
თაკო კვაჭანტირაძე