სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმის მთავარი მიზანია საქართველოში ჩამოყალიბდეს ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის დარგის ეფექტურობას.
„სარკინიგზო ოპერატორი, იქნება ეს საქართველოს რკინიგზა თუ სხვა, ასევე ინფრასტრუქტურის მენეჯერი,გათავისუფლდება საჯარო ვალდებულებებისგან, რაც გამოიწვევს მათ უფრო დიდი კონცენტრაციას კომერციული მიმართულებით.
დღეისათვის, საქართველოს რკინიგზას აკისრია რიგი ფუნქციებისა, რომელიც თავის შინაარსით არის სახელმწიფოს ამოცანა და სახელმწიფოს განსახორციელებელი საჯარო ვალდებულება. წელს, აღნიშნული რეფორმით, უნდა დაინერგოს 8 დირექტივა ჩვენს კანონმდებლობაში, რომლითაც მოხდება სრული შესაბამისობა სარკინიგზო კანონმდებლობის, ევროპის კანონმდებლობასთან და სწორედ ამ მიზნით ის აღებული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ვალდებულებას, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ეს ფუნქცია თვითონ.
პირველ ეტაპზე მოხდება სარკინიგზო მარეგულირებელი უწყების დაფუძნება, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე მოხდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის შემუშავება, მოხდება მემანქანეთა სერტიფიცირების და მართვის მოწმობების გაცემის სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სარკინიგზო შემთხვევებს მოიკვლევს დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
imedinews.ge