საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას აკრიტიკებს და და სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს. როგორც კოპალეიშვლი წერს, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა.
„ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მოსამართლის/სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის გამოყენებით (31.03.2023), სასამართლო იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში (იხ. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE)დასკვნა N11(2008) სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხის შესახებ, §21-23).
სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს.“ — წერს მაია კოპალეიშვილი.