მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და 11-ვე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატებმა დღეს მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ადვოკატების განმარტებით პროკურატურას საქმეში არ გააჩნია მტკიცებულებები.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარემ ახალ გარემოებებზე ვერ ისაუბრა, თუ რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო დაკავებულების განთავისუფლება, შესაბამისად მოსამართლემ 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
imedinews.ge