დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3%-ით 1464 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
საფინანსო სექტორში 20.5%-იანი მატების შემდეგ ხელფასის ოდენობამ 2430 ლარს მიაღწია, 3.2%-ით 2270 ლარამდე გაიზარდა ხელფასები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშიც. საშუალო ხელფასმა 2000 ლარს გადააჭარბა აგრეთვე მშენებლობისა და პროფესიულ, სამეცნიერო, ტექნიკურ საქმიანობების მიმართულებითაც.
საშუალოზე უფრო მეტად 12.8%-ით 1598 ლარამდე გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, არასამეწარმეო სფეროში კი 8.1%-ით 1250 ლარამდე.
თითოეულ შემთხვევაში სტატისტიკა დარიცხულ ხელფასს ასახავს, რასაც სავალდებულო წესით საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც 1464 ლარიანი ხელფასი 1150 ლარამდე მცირდება. 1150 ლარიც ასახავს საშუალო შეწონილს და არა იმას, რომ უმეტესობას ხელფასი ამ თანხის ფარგლებში აქვს.
2021 წლის დეკემბერში ოფიციალურმა ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ 1150 ლარი თავისი მსყიდველუნარიანობით იმდენივე იყო რაც 2020 წლის 1010 ლარი, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 1030 ლარს შეადგენდა. ის ადამიანები, რომელთა ნომინალური ხელფასიც 2021 წელს 13.9%-ზე ნაკლებით გაიზარდა, რეალურად გაღარიბდნენ.