„ბოლო პერიოდია მოთხოვნა გაიზარდა სასოფლო სამურნეო მიწების შეძენაზე. ვფიქრობ, ეს სასიხარულო სიგნალია, რადგან ადამიანები დაინტერესებულები არიან შეიძინონ მიწა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები თავად მოიყვანონ.“ - უძრავი ქონების ბაზარზე კორონავირუსით გამოწვეულ ახალ ტენდენციებზე „კომერსანტთან“ უძრავი ქონების სააგენტო Kibe.ge-ს დირექტორმა ნელი გოგუაძემ ისაუბრა.
კორონავირუსმა უძრავი ქონების ბაზარიც ფაქტობრივად გააჩერა. შემცირდა მოთხოვნა როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფართებზე. რაც შეეხება ფასებს, ამ დარგის წარმომადგენლების თქმით, ფასების ვარდნის მოლოდინი არსებობს. არსებობს პროგნოზები, რომ შესაძლოა უძრავ ქონებაზე ფასები 2008 წლის ომის შემდგომი კრიზისის დროს არსებულ ნიშნულამდე დავიდეს.
Kibe.ge-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და უძრავი ქონების ფასები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 2008 წლის ომისა და დღევანდელ სიტუაციას შორის სხვაობა მის მასშტაბურობაშია, შესაბამისად ასეთი პროგნოზების დროს ყურადღება უნდა მიექცეს გლობალურ ფაქტორებსაც.
„როდესაც ვრეკავთ მფლობელთან, ვისი საკუთრებითაც ვინმე ინტერესდება, მფლობელი არსებულ ფასს რა თქმა უნდა აკლებს. ამბობენ, რომ შეიძლება მკვეთრი გაუფასურება მოხდეს უძრავი ქონების ბაზარზე, მაგრამ ცოტა რთულია ამის პროგნოზირება, ეს დამოკიდებულია იმაზე როგორ ამოქმედდება ეკონომიკა, ვალუტის რა კურსი დაჯდება. 2008 წელს იყო ადგილობრივი კრიზისი, ეს კი გლობალურია და მიბმულია მსოფლიოში განვითრებულ მოვლენებზე.“- განმარტა ნინო გოგუაძემ.
კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი მიიჩნევს, რომ ერთთვიანმა გაჩერებამაც კი შეიძლება ბაზრის დინამიკაზე ფასის კუთხით გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით ეს კლება შეეხება ძვირადღირებულ უძრავ ქონებას.
„უძრავ ქონებაზე ფასების დაკლება ყოველთვის სახეზეა და მოსალოდნელია ასეთი კრიზისების დროს. თუ რამდენად იქნება შემცირება, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს საყოველთაო გაჩერება, რამდენად იქნება მყიდველუნარიანი კლიენტი ბაზარზე და ასე შემდეგ. გარკვეული სეგმენტები საერთოდ გაჩერდება - ეს ეხება სასტუმროებს, Airbnb-სთვის ბინების გაქირავებას და ყოველდღიურ გაქირავებას, რადგან ამ ზაფხულს არავის არ აქვს ტურიზმის აღმასვლის მოლოდინი. ფასების ვარდნა სხვადასხვა სეგმენტს სხვადასხვანაირად შეეხება და პირველ რიგში ეს ეხება ე.წ. „ლაქშერის“ ტიპის უძრავ ქონებას. ამ სფეროში შესამჩნევი იქნება მაღალფასიან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება და შემდგომ ფასების ცვლილება.
ახლა ფასების აქტიური ვარდნა არ შეინიშნება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია ბაზარი და გამყიდველმა არ იცის რა იქნება. თუ მალე დათავრდა ეს კრიზისი, შეიძლება გაუფასურების გარეშე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ერთთვიანი დახურვა გარკვეულ გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე.“ - განმარტავს მარიამ ასათიანი.
არანაკლებ საინტერესოა ის ახალი ტენდენციები, რომელიც უძრავ ქონებაში ვითარდება კორონავირუსის გავლენის შედეგად - კერძო სახლები, სასოფლო -სამეურნეო მიწები, უფრო დიდი ოფისები - მოსახლეობა საჭიროებების გადაფასებას ახდენს და როგორც დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კრიზისის შემდგომ შესაძლებელია ქალაქგარეთ ფართებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
„ნებისმიერი გლობალური კრიზისის დროს უძრავ ქონებაშიც რაღაც სეგმენტი ყოველთვის აქტუალური ხდება. მაგალითად, კომპანიები შეიძლება პატარა ოფისებიდან გამოვიდნენ და უფრო დიდი ფართებით დაინტერესდნენ, რადგან ხალხი მიხვდა , რამდენად მნიშვნელოვანია დისტანცია და პირადი სივრცის ქონა. ოფისების საჭიროება კი ყოველთვის იყო და იქნება. ასევე შესაძლებელია გაიზარდოს მოთხოვნა საინვესტიციო ქონებაზე - ასეთ დროს საინვესტიციო ქონების მყიდველები აქტიურდებიან და ცდილობენ, რომ უფრო სარფიან ფასად კარგი შეთავაზება ნახონ და იყიდონ იმ გათვლით, რომ როდესაც ფასები ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, მათ საბაზროსთან შედარებით ნაკლებ ფასად დარჩეთ ნაყიდი ქონება. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს არაერთი მოთხოვნა.
ამასთან, ხალხი დაფიქრდა, რომ კარგი იქნებოდა ჰქონოდა კერძო სახლი და ღია სივრცე, შესაბამისად აქტიურად ირჩევენ მიწებს სახლის ასაშენებლად, ან სახლებს პატარა ეზოებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებში შეიქმნა შიში, რომ შეიძლება პროდუქტების მარაგის სიმცირე დადგეს და ამ დროს თვლიან, რომ კარგი იქნება საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჰქონდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შესაძლოა უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდეს არა ბიზნესის წარმოებისთვის, არამედ საკუთრი მოხმარებისთვის. ასეთი ტიპის კრიზისები იწევს ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებას.“- განმარტა „რემაქსის“ ხელმძღვანელმა.
მიწების მიმართ მზარდ ინტერესს ადასტურებს უძრავი ქონების სააგენტო „გედევანიშვილი და კომპანიაც“, ხელმძღვანელი ნინო გედევანიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ტიპის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ამჟამად მინიმუმზეა, გარდა მიწის ნაკვეთებისა.
„მოთხოვნა ყველაფერზე შემცირდა, სტაბილური მომავლის განცდა არ აქვს ადამიანს და ცდილობს ყოველგვარი ტრანზაქციისგან თავი შეიკავოს. ერთადერთი, რაზეც მოთხოვნაა, ეს არის მიწის ნაკვეთები. ალბათ ხალხი ფიქრობს რომ უმჯობესია შეიძინოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც ააშენებს კერძო სახლს. შესაბამისად, თუ ასეთი სიტუაცია განმეორდება ხალხს ექნება სივრცე, ჰაერი, ეზო სამოძრაოდ და არ იქნება ბინაში გამოკეტილი.“ - აღნიშნა ნინო გედევანიშვილმა.
მარიამ მორგოშია