თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ის მშენებლობა წელს დაიწყება და პირველ სტუმრებს 2024 წელს მიიღებს. სასტუმრო „ტელეგრაფი“ „სილქ დეველოპმენტის“ პროექტია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში კი საერთაშორისო სამშენებლო კომპანია DNT Construction-მა გაიმარჯვა, რომელთანაც „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმის რადისონის მშენებლობის დროსაც თანამშრომლობდა.
„სილქ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა შურღაია ამბობს, რომ რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მომავალ წლის ბოლოს სასტუმრო „ტელეგრაფის“ გახსნა იქნება.
„პროექტში დაგეგმილია 60 მლნ ევროზე მეტის ინვესტირება, ის ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურისტული პოტენციალისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. დაახლოებით 300-მდე ადამიანი დასაქმდება სასტუმროში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ორი წამყვანი ბანკის მხარდაჭერით. ისე დავაგეგმარეთ პროექტი, რომ მაქსიმალურად არ შევხებოდით შენობის იერსახეს. რესპუბლიკის მოედნის განვითარების შემდეგი ეტაპია მელიქ აზარიანცის სახლის რეაბილიტაცია“, — ამბობს მამუკა შურღაია.
სასტუმროში რვა სხვადასხვა კატეგორიის 241 ნომერი მოეწყობა. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებს გასასავლელი ექნებათ ტერასაზე, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი და ჯაზ-კლუბი განთავსდება. ერთ-ერთ შიდა ეზოში პირველ სართულზე მოეწყობა ღია ბარი, ხოლო მეორე შიდა ეზოში მეორე სართულის დონეზე განთავსდება საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროს დიზაინი ეკუთვნის არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu, შემუშავებული კონცეფცია გულისხმობს ენერგოეფექტურ მწვანე სასტუმროს და ეს იქნება რეგიონში პირველი შენობა, რომელიც მოეწყობა LEED Gold სტანდარტების მიხედვით.
შეგახსენებთ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ფოსტის ყოფილ შემობაში თავდაპირველად Park Inn-ის ბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით ბრენდი შეიცვალა და ის Radisson Hotels Group-ის მმართველობაში იქნება.