რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ტურისტული სექტორი თავდაყირა დააყენა. სასტუმრო ბიზნესი შემოსავლებს კარგავს. განსაკუთრებით იმ ნაწილს უჭირს, რომელიც უკრაინელ, რუს და ევროპელ ტურისტებზე არის დამოკიდებული.
როგორც ,,აბაუდ სოლოლაკის“ გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ კენჭაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, უკრაინელების შემთხვევაში ჯავშნები 100%-ით გაუქმდა. ეს მაშინ, როცა მარტში სასტუმროების დატვირთულობა 80%-ს შეადგენდა.
,,20 მარტის ჩათვლით სასტუმროში ჯავშნები გადავსებული იყო. როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყო, შეკვეთები მომენტალურად გაუქმდა და დავრჩით ჰაერში. უნდა გვემასპინძლა ტურისტებისთვის უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, მაგრამ ყველა მათგანმა საქართველოში დასვენებისგან თავი შეიკავა. ჯერჯერობით არანაირი პროგნოზი არ გვაქვს, ომია და რაც მალე დამთავრდება, ალბათ, აღდგება ტურისტული მარშრუტებიც. მიმდინარე სეზონი ტურიზმისთვის წარმატებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ომმა მოლოდინები გააქარწყლა. ვიმედოვნებ, ეს კონფლიქტი მოგვარდება და სიტუაციაც გამოსწორდება, მაგრამ მანამდე უმძიმეს სიტუაციაში მოგვიწევს ყოფნა“, - ამბობს ნიკოლოზ კენჭაძე.
სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ალტერნატივაზე ფიქრიც წარმოუდგენელია, რადგან რუსეთის ფაქტორის გამო საქართველოს ყველა ქვეყანა რისკის ზონად მიიჩნევს.
,,საქართველოში დასვენებისგან ახლაც და მომდევნო პერიოდშიც დასვენებისგან თავს შეიკავებს ყველა ეროვნების ადამიანი. საშიშ ზონად მივიჩნევით. რუსეთის ქმედებები იმდენად უმართავია, რომ როდის რა იქნება, არავინ იცის“, - დასძენს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ,,კომერსანტთან“.
ნიკა კენჭაძის თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო იძულებული გახდნენ, მომუშავე პერსონალთა 80% სამსახურიდან გაეშვათ.
მარი ჩიტაია