გაერო სათბურის გაზების ემისიების წყაროების სიაში კვების სექტორს პირველ ადგილზე აყენებს. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, რადგან თითქმის ყველა რეგიონში გაუდაბნოების პროცესი არის დაწყებული. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე განმარტავს, პრობლემა მხოლოდ მაღალი ტემპერატურით არ არის გამოწვეული, ეროზიულ პროცესს უკავშირდება და ამ მხრივ ადამიანური ფაქტორიც მოქმედებს. ამასთან, გზების არასწორი დაგება, მიწის არასწორად დამუშავება, საძოვრების არასწორად გამოყენება, სურსათის გადამუშავება, შეფუთვა, ტრანსპორტირება და მოხმარება, ასევე მათი ნარჩენების უტილიზაცია და სხვა - ეს ყველაფერი სათბურის გაზების ემისიების ზრდას იწვევს.
,,თვითონ სურსათი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც ადამიანის საკვებად გამოიყენება და მისი წარმოების მთელი ციკლი იწვევს სათბურის გაზების დაგროვებას, რაც კლიმატზე უაღრესად ნეგატიურ გავლენას ახდენს. დიდია ამ მხრივ მეცხოველეობის ფაქტორიც, მაშინ, როცა მეცხოველეობა ბიოგაზის მისაღებად ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. აქ უკვე დიდია ბიოგაზის როლი, რომელსაც თვითონ მეურნეები ნიადაგის დასამუშავებლად იყენებენ. ამ შემთხვევაში განახლებადი ენერგიების პრინციპი თავიდან ბოლომდე მუშაობს და იწვევს გამონაბოლქვის საოცარ შემცირებას, ვინაიდან ეს გაზები, რომელიც შიგა წვის ძრავებისგან გამოიყოფა, თვით ოზონის შრეს უქმნის საფრთხეს, სათბურის გაზების შრესაც აძლიერებს და სხვა. რეალურად ბევრი შესაძლებლობაა, რომ ეს საკითხები მოიხსნას. რაც დრო გავა, საწვავი სულ უფრო გაძვირდება იმის გამო, რომ ის ამოწურვადი რესურსია, ჯერ კიდევ მაქსიმალური რაოდენობით მოიხმარება და გარკვეულ წრეებს არ აწყობთ დაკარგონ საწვავის გაყიდვით შემოსავალი. ნებისმიერი სახის გადამუშავება დამყარებულია სითბოზე - შეწვა, მოხარშვა და სხვადასხვა პროცესი, რაც სურსათის დაკონსერვებასთან არის დაკავშირებული, სითბოს გამოიყოფა, რაც გლობალურ დათბობაზე ახდენს გავლენას. დედამიწის მოსახლეობამ 7 მილიარდს გადააჭარბა და მათი საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული სითბო დიდი რაოდენობით გადადის კოსმოსში, მეტიც, მყინვარებზე ნაწილდება და დნობას იწვევს“, - ამბობს კობა კობალაძე ,,კომერსანტთან“.
როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ბიო სასუქის და ბიოორგანული საწვავების წარმოება ძალიან დიდ საშუალებას იძლევა, რომ სათბურის გაზების ემისია შემცირდეს.
,,ბიო გაზის, ბიო დიზელის წარმოების რესურსიც დიდია, მაგრამ მეურნეობების მოცულობების სიმცირე ხელს უშლის მათი წარმოების მოცულობების გაზრდას, შესაბამისად, რისკს უქმნის სათბურის გაზების ემისიას. არაფერს ვამბობ პლასტმასის მასალების გამოყენებაზე. დღეს გერმანელები ხისგან ამზადებენ პლასტმასს, პლასტიკურ მასებს, სითხეს, რომელსაც ასხამენ ფორმაში და იღებენ სხვადასხვა ნივთებს, ამით ანაცვლებენ იმ პლასტმასს, რომელიც რეალურად არ იშლება. კლიმატისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია მჟავე წვიმები, რასაც გამონაბოლქვები იწვევენ. ჩვენი ტყეების განადგურების, დაზიანების და დაბალი მოსავლიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ მჟავე წვიმებია. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ასევე სასურსათო გადამუშავებას უკავშირდება. ბევრი პრობლემაა, რაც ერთობლივად მოქმედებს და სათბური გაზების ემისიის ზრდას იწვევს“, - განმარტავს კობალაძე.
მისივე თქმით, შესაძლებელია ფერმერულ მეურნეობებში ამ პრობლემის თავიდან აცილება, რასაც ხელს უშლის ცოდნის სიმცირე და შესაბამისი ტექნოლოგიების არქონა.
,,პირველ რიგში მნიშვნელოვანია ცოდნა, გამოცდილება, პროპაგანდა, დიდწილად ეს არის უცოდინრობის საკითხი (შეურაცხმყოფელად არ ვლაპარაკობ), რად ღირს მარტო ევროპის გამოცდილება! კამბორა არის ვულკანი, რომელიც ამოიფრქვა კორეაში 1815 წელს და 2 წლის განმავლობაში დედამიწის ძალიან ბევრ კუთხეში არ იყო ზაფხული, უწყვეტი ზამთარი გრძელდებოდა. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში შესაბამისი განათლების შეტანა და ტექნოლოგიების გამოყენება. ცხადია, ეს ხარჯია, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია. ისედაც დიდი რაოდენობით ფული იხარჯება აგრარულ სფეროში და ტექნოლოგიებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. აქცენტი ამავდროულად ტექნოლოგიების გამოყენებაზე უნდა გაკეთდეს, რამაც შეიძლება გამონაბოლქვის დონე შეამციროს. ამ მხრივ უპირატესობა მიეცეს ჰიბრიდული ან ელექტროტექნიკის გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების პროცესში“, - აცხადებს კობალაძე.
მეცნიერმა ,,კომერსანტთან“ ასევე გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაც შეაფასა. მისი თქმით, ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული აქცენტები იყო სწორი და მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა არის ეკოლოგიისთვის ბრძოლა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კლიმატის რისკის შემცირების მიმართულებით სწორი და დროული ნაბიჯები გადაიდგას.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბურის გაზების ემისიების 31% მსოფლიოს აგროსასურსათო სისტემებზე მოდის. ამასთან, უმეტესობა კვების სექტორში და არა უშუალოდ სოფლის მეურნეობაში იწარმოება.
2019 წელს გლობალური აგროსასურსათო სისტემებიდან 16,5 მილიარდი ტონა სათბურის გაზების ემისიიდან 7,2 მილიარდი ტონა ფერმებზე მოვიდა, 3,5 მილიარდი - დამუშავებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის მიწის განვითარებაზე და 5,8 მილიარდი - პროდუქციის მიწოდებასა და მოხმარებაზე.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს სათბურის გაზების ემისიების ყველაზე დიდი წყარო ტყეების განადგურება იყო. მას მოჰყვებოდა მეცხოველეობა (ნაკელი), საყოფაცხოვრებო მოხმარება, საკვების ნარჩენების უტილიზაცია, ფერმაში წიაღისეული საწვავის გამოყენება და საკვებით ვაჭრობა.
მარი ჩიტაია